ავსტრალია

ავსტრალიის პრემიერმა ჩინური სოცმედია პლატფორმის, WeChat-ის ანგარიშზე კონტროლი დაკარგა

სკოტ მორისონი

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა ჩინური სოციალური მედია პლატფორმის, WeChat-ის ანგარიშზე კონტროლი დაკარგა.

მორისონის ანგარიშის 76 000-ს გამომწერმა შეტყობინება მიიღო, რომ პრემიერმინისტრის ანგარიშის სახელი შეიცვალა და "ავსტრალიურ-ჩინური ახალი სიცოცხლე" დაერქვა. ავსტრალიური მედიის ცნობით, ცვლილების შესახებ მთავრობა ინფორმირებული იყო.

როგორც WeChat-ის მფლობელმა კომპანიამ, Tencent-მა The Associated Press-ს უთხრა, ანგარიშთან დაკავშირებით არ შეიმჩნეოდა ჰაკერული თავდასხმის კვალი.

კომპანიის თანახმად, ჩინეთის რეგულაციების შესაბამისად, მორისონის საჯარო ანგარიში ჯერ ჩინეთის მოქალაქეზე იყო რეგისტრირებული და შემდეგ გადაეცა ამჟამინდელ ოპერატორს. Tenecent-ის თქმით, ანგარიშის ახლა "ტექნოლოგიური სერვისების კომპანია" ფლობს.

დაზვერვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ჯეიმს პატერსონის თქმით, WeChat-ს პასუხი არ გაუცია ავსტრალიის მთავრობის მოთხოვნაზე, ანგარიში პრემიერმინისტრისთვის დაებრუნებინათ.

პატერსონმა ჩინეთის კომუნისტური პარტია ავსტრალიის პრემიერმინისტრისთვის არჩევნების წინ ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულა. პატერსონის თქმით, შემაშფოთებელია, რომ 1.2 მილიონ წარმოშობით ჩინელ ავსტრალიელს, რომლებიც WeChat-ს იყენებენ, პრემიერმინისტრის ანგარიშზე წვდომა აღარ აქვთ, ხოლო ოპოზიციის ანგარიშები პლატფორმაზე ხელმისაწვდომია.

კომენტარები