დევნილები

ბინის თავად მოძიება ან ქირის უზრუნველყოფა – მთავრობის შეთავაზება დევნილებს

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დევნილთა სააგენტო დევნილებს 2 გზას შესთავაზებს - მათ შეეძლებათ ბინა თავად აარჩიონ, რომელსაც სააგენტო შეისყიდის ან დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინის დასრულებას და სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"ახლა მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, მას აქვს ჩამოყალიბებული ხედვა თუ როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემები, მათ შორის, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, ეს არის სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ დევნილთა პრობლემა, რომლის თაობაზეც სააგენტომ უკვე შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა 2 გზა - დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი იქნება 550 დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომელსაც შეისყიდის სააგენტო. დევნილ ოჯახებს აქვთ ასევე ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინის მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში, მათ სააგენტო ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. აღნიშნული ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ". - თქვა ღარიბაშვილმა. 

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ მომხდარზე პასუხსიმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას და მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. 

20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტორს მიერ გაგზავნილი წერილები სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებელმა პროტესტის ნიშნად დახიეს. მათი თქმით, სახელმწიფოს შეთავაზება  -  დევნილებს ერთი თვის ვადაში გადაიყვანენ ალტერნატიულ საცხოვრებელში და ქირით უზრუნველყოფენ, შემდეგ კი მოხდება მათი გადაყვანა იქ, სადაც ცხოვრებას სთავაზობენ, კვლავ ბუნდოვანია.

არასამთავროები ხელისუფლებას  მოუწოდებენ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები