კორონავირუსი ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში COVID-19-ის შეზღუდვების გამკაცრების შემდეგ პრემიერმინისტრმა ქორწილი გადადო

ჯასინდა არდერნი
Hagen Hopkins/Getty Images

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შეზღუდვების გამკაცრების შემდეგ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა საკუთარი ქორწილი გადადო.

ქვეყანაში შეზღუდვები ომიკრონის 9 შემთხვევის კლასტერის გამოვლენის შემდეგ მკაცრდება.

შეზღუდვების ფარგლებში ღონისძიებებზე დამსწრებთა რაოდენობა აცრილი 100 ადამიანით შემოისაზღვრა, თუ ღონისძიებაზე ვაქცინაციის სტატუსი არ მოწმდება, დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 25 უნდა იყოს. ეს შეზღუდვა ეხება სავარჯიშო დარბაზებსა და ქორწილებსაც. ნიღბების ტარება სავალდებულო ხდება მაღაზიებსა და საჯარო ტრანსპორტში. სკოლებში მეოთხე კლასის ზევით მოსწავლეებისთვის ნიღბის ტარება სავალდებულოა.

პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა დაადასტურა, რომ მისი და ტელეწამყვან კლარკ გეიფორდის ქორწილი გადაიდო.

"არაფრით განვსხვავდები ათასობით ახალზელანდიელისგან, რომლებმაც პანდემიის გაცილებით უფრო დამანგრეველი შედეგები გადაიტანეს, რომელთაგან ყველაზე სამწუხაროა, რომ ბევრი არ იყო საყვარელი ადამიანების გვერდით, როცა ისინი მძიმედ ავადმყოფობდნენ. ეს აღემატება ჩემს მიერ გამოცდილ ნებისმიერ სევდას." – თქვა არდერნმა.

ახალ ზელანდიაში მთლიანობაში კორონავირუსის 15 104 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52 ადამიანი.

პანდემიის დასაწყისში ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ახალი ზელანდია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საზღვრები ჩაკეტა და მკაცრი ლოკდაუნები შემოიღო. თუმცა დელტა ვარიანტის გავრცელების პერიოდში მთავრობამ სტრეტგია შეცვალა და აქცენტი ვაქცინაციაზე გააკეთა. აცრილია ქვეყნის 12 წელს ზევით მოსახლეობის დაახლოებით 94%, 56%-ს კი ვაქცინის ბუსტერ დოზაც გაკეთებული აქვს.

კომენტარები