თავდასხმა ექთანზე

ერთ-ერთ COVID-კლინიკაში პაციენტმა ექთანი დაჭრა – ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის 21 დეკემბერს ერთ-ერთი რეგიონის COVID-კლინიკაში პაციენტმა მორიგე ექთანი დაჭრა. ასოციაციის თავმჯდომარის, სალომე ლოლუას თქმით, პაციენტმა ექთანს ორი ჭრილობა, ლოყისა და ყელის არეში მიაყენა.

"დილის 5 საათზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექთანი აკეთებდა შემოვლას. შეამჩნია, რომ პაციენტი სწუხდა. დაინტერესდა პაციენტით, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით, ყელის მიმართულებით რამდენიმეჯერ დაარტყა ბასრი იარაღით". – თქვა სალომე ლოლუამ.

ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება, თავდამსხმელი გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალზე ძალადობის ფაქტები გახშირდა.

კომენტარები