ენერგეტიკა

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ბოლო შვიდი წლის რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა 

Shutterstock

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ბოლო შვიდი წლის უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა და ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 88 დოლარს გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ფასების ზრდა ქართულ ბაზარზეც აისახოს და ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი გაძვირდეს.

ექსპერტების შეფასებით, 2022 წელს ფასების ზრდის მთავარი მიზეზი კოვიდრეგულაციების მოხსნით საწვავზე გაზრდილი მოთხოვნაა. უკანასკნელ პერიოდში ნავთობის გაძვირება კი სპარსეთის ყურეში არსებულმა დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია, რომელიც ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკებს აჩენს.  

პანდემიურ პერიოდში ნავთობის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეზღუდული მიწოდებაა, რაც პირდაპირ კავშირშია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) გადაწყვეტილებებთან. თუკი გლობალური ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, OPEC-ი ნავთობის მიწოდებას მოთხოვნის შესაბამისად არ გაზრდის, საწვავსა და სხვა სახის ენერგოპროდუქტებზე ფასები, სავარაუდოდ, ზრდას განაგრძობს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022-2023 წლებში ნავთობის ფასები რეკორდული ტემპით გაიზრდება და საერთაშორისო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ღირებულება 100 დოლარს მიაღწევს. 

"ომიკრონის გამოჩენამდე ჩვენ უკვე გვქონა რეკორდულად მაღალი მოთხოვნა და ფასები ნავთობზე. გლობალური ეკონომიკა და საჰაერო ტრანსპორტზე მოთხოვნა ისევ იზრდება. მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, 2022 წელს ნავთობის ღირებულება რეკორდულ ნიშნულებს მიაღწევს". – თქვა ბანკის ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დემიენ კურვალინმა.

კურვალინის თქმით, გასათვალისწინებელია მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებელიც, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ენერგოპროდუქტების ფასებზე. მისი ვარაუდით, თუკი მაღალი ინფლაციის დონე შენარჩუნდება, შესაძლებელია, რომ 2023 წელს ბარელი ნავთობის ღირებულებამ 110 დოლარსაც მიაღწიოს. 

საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილება მყისიერად არ აისახება საქართველოში საწვავის ფასებზე, რადგან ნავთობის იმპორტიორი კომპანიები საწვავის ფასებს ნავთობის მიმდინარე ღირებულების, რეზერვში არსებული (წარსულში შეძენილი) საწვავის ღირებულებისა და ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით ადგენენ, შესაბამისად, ცვლილების ასახვას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.


 

კომენტარები