საქართველოს კულტურის სამინისტრო

"შევაჩეროთ გადმორიცხვები" – დარიანის კრებულის ხელახლა დასაბეჭდად 20 000 ლარამდე შეგროვდა

ელენე ბაქრაძის (დარიანი) კრებულის ხელახლა დასაბეჭდად 15 საათში 19 449 ლარი შეგროვდა. კამპანიის ორგანიზატორები შემომწირველებს გადარიცხვების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რადგან ტირაჟის დასაბეჭდად საკმარისი თანხა უკვე შეგროვდა. ინფორმაცია Facebook გვერდზე – "დარიანი" ვრცელდება.

"ამ წუთისათვის შემოსულია 19 449.6 ლარი. რადგან დღეს ბანკები არ მუშაობს, ხვალ გამოჩნდება სხვა ბანკებიდან გადმორიცხვებიც. იქნებ შევაჩეროთ გადმორიცხვები. საკმარისი ტირაჟით დაიბეჭდება, რომ მერე შეძენაც შესაძლებელი იყოს.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯები ასეთია: პარასკევისათვის შემომწირველთა სიას შევადგენთ, დავურთავთ წიგნს და გავაგზავნით დასაბეჭდად. იმედი გვაქვს იმ კვირის ბოლოს უკვე გვექნება.

რაც შეეხება მორჩენილ თანხას, ცალკე შეგატყობინებთ რაში დაიხარჯება. უღრმესი, გულითადი მადლობა ყველას!". – ვკითხულობთ Facebook პოსტში.

17 იანვარს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ "სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები" გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის შეცდომაზე რეაგირებას მოითხოვენ.

საუბარია მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის (დარიანი) კრებულზე, რომელშიც ავტორისთვის პოეტ ანა კალანდაძის ორი ლექსია მიწერილი.

ტირაჟში დაშვებული შეცდომის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს თავად გაავრცელა. მუზეუმის ხელმძღვანელმა Facebook პოსტში ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არაკეთილმოსურნეებმა "გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყე". 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის უწყება განცხადებაში წერს, რომ მათ "სერიოზული განხილვები" ექნებათ მუზეუმის დირექტორთან მას შემდეგ, რაც ის ახალ კორონავირუსს დაამარცხებს.

კომენტარები