საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ "სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები" მოითხოვენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის შეცდომაზე რეაგირებას.
საქმე ეხება მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის (დარიანი) კრებულს, სადაც ავტორისთვის პოეტ ანა კალანდაძის ორი ლექსია მიწერილი. ინფორმაცია შეცდომის შესახებ მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ თავად გაავრცელა 2 იანვარს.
თეა წულუკიანის უწყება განცხადებაში წერს, რომ მათ ექნებათ “სერიოზული განხილვები” მუზეუმის დირექტორთან მას შემდეგ, რაც ის ახალ კორონავირუსს დაამარცხებს.
"2021 წლის 31 დეკემბრიდან, სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც. ფაქტი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.
ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ.
წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს.
რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია.
სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად.
კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა". - ვკითხულობთ განცხადებაში.
2 იანვარს Facebook-ზე ლაშა ბაქრაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერია, რომ ელენე ბაქრაძის წიგნში შემთხვევით ანა კალანდაძის ორი ლექსი ავტორს მიეწერა. მუზეუმის ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არაკეთილმოსურნეებმა "გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყე".
"ელენე ბაქრაძის (დარიანის) ჩანაწერების, მოგონებების, წერილების, დღიურების წიგნში უაღრესად სამწუხარო შეცდომა გაგვეპარა - ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, მის ლექსებად მივიჩნიეთ და წიგნში გამოვაქვეყნეთ, არადა, ეს ლექსები ანა კალანდაძისაა. შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით. ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა, შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში.
არანაირი ბოროტგანზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო.
მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს - რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს" - წერია ლაშა ბაქრაძის პოსტში.