დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ: უკრაინას და საქართველოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი საკუთარი ხალხისთვის

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას და საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ სახელმწიფოს, აქვთ უფლება გახდნენ NATO-ს წევრები.

"უკრაინას, საქართველოს და ყველა სახელმწიფოს ევროპაში აქვთ უფლება აირჩიოს საუკეთესო მომავალი საკუთარი ხალხისთვის, მათ შორის შრომით და მისწრაფებით გახდნენ ევროატლანტიკური საზოგადოების და NATO-ს წევრები." – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

"ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა მოითხოვს ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ადამიანის უფლებების პატივისცემას. ეს პრინციპები გაწერილია გაეროს ქარტიაში და ადამიანის უფლებების დეკლარაციაში. ეს დოკუმენტები საფუძველია საერთაშორისო წესრიგის – მშვიდობის, უსაფრთხოების და პროგრესის საუკეთესო გარანტორის. 70 წელზე მეტია, NATO არის უპრეცედენტო მშვიდობის და კეთილდღეობის პერიოდის საფუძველი, ხოლო ეუთო რჩება ერთადერთ სრულიად ინკლუზიურ, ტრანსატლანტიკურ, ევროპულ და ევრაზიულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, სადაც ყველა სახელმწიფომ დადო პირობა დაეცვა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, პლურალიზმი და ადამიანის უფლებები." – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა უკრაინასთან თანამშრომლობის, "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე" პრინციპის მნიშვნელობას, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და დესტაბილიზაციაზე მიმართულ რუსეთის ქმედებების გამოვლენის საჭიროებას.

"ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა სამ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში, ჩაერია არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მკვლელობის მცდელობებისთვის, როგორც საზღვარგარეთ ასევ საკუთარ ტერიტორიაზე (სკრიპალი, ნავალნი) და დაარღვია საერთაშორისო შეთანხმებები შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მომავალ დღეებსა და კვირებში წამოვწევთ ამ საკითხებს რუსეთთან.

არ შეიძლება დავივიწყოთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო მიტაცება და ოკუპაცია, ან კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერილმა ძალებმა დაიწყეს და დღემდე აღვივებენ. შეერთებული შტატები ერთგულია დონბასის კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის და მინსკის შეთანხმების შესრულების, რომელსაც რუსეთმა ხელი მოაწერა". – ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევსა და ბერლინში გაემგზავრება, რათა ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განიხილოს რუსეთის მიერ გამოწვეული უკრაინის წინაშე არსებული საფრთხე. ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებასა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს შეხვდება. გერმანიაში ვიზიტისას განხილული იქნება მოკავშირეების საერთო პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები