დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევსა და ბერლინში გაემგზავრება

ენტონი ბლინკენი
AP

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ტონი ბლინკენი კიევსა და ბერლინში გაემგზავრება, რათა ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განიხილოს რუსეთის მიერ გამოწვეული უკრაინის წინაშე არსებული საფრთხე. 

განცხადების მიხედვით, ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებასა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს შეხვდება. ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ბლინკენის გერმანიაში ვიზიტისას განხილული იქნება მოკავშირეების საერთო პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამასთანავე, განცხადების თანახმად, იგეგმება რუსეთისთვის სანქციების დაწესების განხილვაც.

ამასთანავე, სატელეფონო საუბრისას ბლინკენი და ლავროვი ბლინკენის გერმანიასა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ჟენევაში შეხვდრაზე შეთანხმდნენ.

18 იანვარს  სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. დიპლომატებმა განიხილეს 10 იანვრის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი, 12 იანვრის ნატო-რუსეთის საბჭოს და 13 იანვრის ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომები. სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა დიპლომატიური ურთიერთობით უკრაინის საზღვართან დაძაბულობის დეესკალაციის აუცილებლობაზე. ასევე, გაიმეორა ამერიკის ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს

კომენტარები