აშშ-რუსეთი

რიაბკოვი კუბაში სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებაზე: არ ვადასტურებ, არც გამოვრიცხავ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსული მედია RTVI-სთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვას, განიხილება თუ არა ვენესუელასა და კუბაში რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შესაძლებლობა, უპასუხა, რომ არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"არ მსურს არაფრის დადასტურება, აქ არც არაფერს გამოვრიცხავ. ამერიკული სტილით, საგარეო და სამხედრო პოლიტიკის არჩევითობა მსოფლიოში ამ ქვეყნის (აშშ-ს) ძლიერი გავლენის ქვაკუთხედია. [ვენესუელაში ან კუბაში სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება] დამოკიდებულია ამერიკელი კოლეგების ქმედებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა, მათ შორის ამ თემაზეც, თუ როგორი ღონისძიებები გატარდება, მაგალითად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ, თუ საქმე სრულად წავა რუსეთის პროვოცირებისა და აშშ-ს სამხედრო ზეწოლის გაზრდის მიმართულებით", – თქვა რიაბკოვმა. 

რუსეთსა და NATO-ს მოკავშირეებს შორის ბოლო შეხვედრებმა და მოლაპარაკებებმა შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებლად ჩაიარა, მხარეები საერთო პოზიციაზე ვერ თანხმდებიან. დასავლეთსა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის თავმოყრამ გამოიწვია.


2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები