კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მიმდინარე კვირის ბოლოს, მთლიანად დადებითი შემთხვევების 60% ომიკრონი იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საერთო ცირკულაციაში ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელება იზრდება და გასცდა 45%-ს. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ მიმდინარე კვირის ბოლოსთვის, მთლიანად დადებითი შემთხვევების 60% ომიკრონი იქნება.

მისივე ცნობით, ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 1 009 შემთხვევაა, სადანაც დეტალურად შესწავლილია 777 შემთხვევა და მათგან 16% რეინფიცირებაა.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ NCDC-დან ლაბორატორიებს მიეცათ მითითება, რომ ომიკრონის საეჭვო შემთხვევები შერჩევითად გადაგზავნონ, – "იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა, ის მერყეობს უკვე იმ ნიშნებით, რომ ჩვენ ეჭვი მიგვაქვს შეიძლება თუ არა იყოს ომიკრონი – ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს აცდა". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური დადებითობა 9.6%-ია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 979 235 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 922 411 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 359 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 42 439 აქტიური შემთხვევაა.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები