2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

ერიკ კანტონა: კატარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის, მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას არ ვაპირებ

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ კატარში გასამართი მსოფლიო ჩეპიონატი გააკრიტიკა. კანტონას თქმით, ის ნოემბერში ჩანიშნული მუნდიალის ყურებას საერთოდ არ აპირებს, რადგან კატარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის და იქ ფეხბურთის განვითარების პოტენციალი არ არსებობს. ამის შესახებ მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფორვარდი Daily Mail-ს ესაუბრა.

"კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატთან არ ასოცირდება, საერთოდ არ მაღელვებს. მის ყურებას არ ვაპირებ. მესმის – ფეხბურთი ბიზნესია, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს [ფეხბურთი] იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველას ჰქონდა შანსი. თუმცა, კატარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის. არ ვარ წინააღმდეგი, რომ მუნდიალი ისეთ ქვეყნებში ჩავატაროთ, სადაც ფეხბურთს განვითარებისა და პოპულარობის ზრდის შანსი აქვს, როგორც ეს სამხრეთ აფრიკასა ან აშშ-ში მოხდა. კატარში კი ასეთი პოტენციალი არ არსებობს". - თქვა კანტონამ.

კანტონას შეფასებით ფიფა მხოლოდ ფულის შოვნაზეა ორიენტირებული და არ ითვალისწინებს იმას, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონების მშენებლობას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული. საშინელებაა თუ როგორ ექცეოდნენ კატარში იმ ადამიანებს, ვინც სტადიონებს აშენებდა. ამას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ამის მიუხედავად, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ვიზეიმოთ?". - ამბობს კანტონა.

კატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. ეს პირველი მუნდიალი იქნება, რომელიც მაისში, ივნისსა ან ივლისში არ გაიმართება. გადაწყვეტილების მიზეზი ზემოხსენებულ თვეებში კატარში არსებული გაუსაძლისი სიცხე გახდა.

კომენტარები