ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას 12 იანვარს გამოაცხადებს

Mamuka Khazaradze / Facebook

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის დასკვნითი პროცესი დასრულდა. მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

"ჩემს დასკვნით სიტყვაში ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს არ არის ფულის გათეთრების თემა. ეს არის პოლიტიკური დევნა. პოლიტიკური დევნა იმის გამო, რომ ქვეყანაში არ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესს. თუ გეოპოლიტიკას გადახედავთ და იმას, რაც ხდება ყაზახეთში, რაც მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანში, უკრაინაში და ასე შემდეგ, ბუნებრივია, რომ ანაკლისს პროექტი იყო საკმაოდ დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება". – თქვა მამუკა ხაზარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ.

16 დეკემბერს გამართულ სასამართლოზე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის დასკვნითი სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობას "დროის გაწელვა" უწოდა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

კომენტარები