სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

მდინარაძე: ინსპექტორის სამსახურის ამ ფორმით არსებობა გუნდის ყოფილ ლიდერს უკავშირდება

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ინფორმაციის დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციის ქონა გუნდის ყოფილი ლიდერის სუბიექტურ მიზნებს უკავშირდება. მამუკა მდინარაძე არ აკონკრეტებს თუ რომელ ლიდერზე საუბრობს, თუმცა, სავარაუდოდ, გულისხმობს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წელს შს მინისტრი იყო და შემდეგ პრემიერიც გახდა. 

მისივე თქმით, მსოფლიოში არ არის იმის პრეცედენტი, რომ პერსონალური დაცვის ფუნქციას და გამოძიების ფუნქციასაც ითავსებდეს ერთი უწყება. 

"ლეგიტიმურია კითხვა - ეს ორი ფუნქცია, ანუ პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და საგამოძიებო ფუნქცია თავსებადია თუ არა ერთმანეთთან, გეთანხმებით, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რაც თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა, ეს დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან. ვაღიარებთ. გულწრფელად თუ არ ვთქვით, საზოგადოება არ დაგვიჯერებს",- ამბობს მდინარაძე. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს 28 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო ჯარიმა დაეკისრათ. იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები