სახელმწიფო ისნპექტორის სამსახური

თოლორაია: გაუქმებაზე კანონპროექტი კითხვის ნიშნებს ბადებს, იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ქართული ოცნების კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობა უქმდება.  

"დღეს, "წინასაახალწლო სიურპრიზად" მე და ჩემმა თანამშრომლებმა, ინტერპრესნიუსიდან გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ.

ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში". - წერს თოლორაია.

სახელმწიფო ისნპექტორი წერს, რომ დასვენების დღეებში, დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე კანონპროექტის ინიცირება კითხვის ნიშნებს ბადებს.

"იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება! მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს.

მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი!" - წერს ის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს 28 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები