რუსეთი

პუტინი: ჰიპერბგერითი რაკეტა "ცირკონის" გამოცდამ წარმატებით ჩაიარა

ზებგერითი რაკეტა ცირკონის გამოცდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა ცირკონი გამოსცადეს, რამაც წარმატებით ჩაიარა.

"ღამით, უფრო სწორად დილით, ჩატარდა ჰიპერბგერითი სისტემა ცირკონის ზალპური გაშვება. ესაა ჩვენი ახალი რაკეტა, რომელიც მუშაობს როგორც ზღვაზე, ასევე საზღვაო და სახმელეთო სამიზნეებზე. გამოცდამ წარმატებით, უნაკლოდ ჩაიარა", – თქვა პუტინმა. 

უცნობია ლოკაცია, სადაც ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადეს. მის ტესტირებაზე აქამდე რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი მუშაობდა.

ცირკონს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უკვე რამდენიმე წელია რაც ცდიან. რუსული ინფორმაციით, რაკეტას ბგერაზე 10-ჯერ დიდი სისწრაფის განვითარება შეუძლია და მისი რადიუსი 1000 კილომეტრს აღემატება. აპირებენ მის საზღვაო ხომალდებზე განთავსებას.

გასულ დღეებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ ცირკონის გამოცდები დასასრულს უახლოვდება. მან ასევე ახსენა, რომ ჰიპერბგერითი რაკეტის არმიისთვის სერიული მიწოდება მომავალი, 2022 წლიდან დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ რაკეტის გამოცდა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე მოხდა. ბოლო ხანებში, დასავლეთი-რუსეთის ურთიერთობის გაუარესებასთან ერთად, ამ უკანასკნელის შეიარაღებული ძალები ზღვაზე სხვადასხვა სახის იარაღებს ცდიან. 15 დეკემბერს იაპონიის ზღვაში გამოსცადეს გემსაწინააღმდეგო კომპლექსი Ответ-ი. ბოლოს ცირკონი წარმატებით 16 დეკემბერს გამოსცადეს.

კომენტარები