ქრისტეშობის დღესასწაული

თუ გვწამს – საქართველოში პაპის ნუნციუსის საშობაო წერილი

ქრისტეშობის დღესასწაული

თუ გვწამს – საქართველოში პაპის ნუნციუსის საშობაო წერილი

გთავაზობთ წმიდა საყდრის ნუნციუსის, მისი აღმატებულების, მთავარეპისკოპოს ჟოზე ა. ბეტანკურის საშობაო წერილს ტაბულასთვის:

შობა-ახალი წელი წლის განსაკუთრებული პერიოდია, რომლის დროსაც ბეთლემში ჩვილი იესოს დაბადებით შთაგონებული საქრისტიანო თავის სანუკვარ ფიქრებს მიაპყრობს და "ხელს უწვდის" ოჯახებსა და მეგობრებს, საკრებულოებსა და საზოგადოებას. საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, გასულმა წელმა უამრავი სირთულე და საფიქრალი დაგვიტოვა – უსაშველოდ გაჭიანურებული კოვიდ პანდემია, რთული ისტორიული კონტექსტი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ერთმანეთისგან ფიზიკური დისტანცირება, ხშირად, საუბრის დროსაც კი. და მაინც, 2021 წელს მომსწრენი გავხდით არაერთი ნაყოფიერი შეხვედრისა, დიალოგისა თუ განხორციელებული პროექტისა.

უპირველეს ყოვლისა, დიდად ვაფასებთ უამრავი ქართველის მიერ საზოგადოების სასოკეთოდ გაწეულ თავდადებულ შრომას, განურჩევლად მათი რელიგიური მრწამსისა, ტერიტორიული და სოციალური წარმოშობისა თუ პროფესიისა. რამდენიმე დღის წინ, პაპმა ფრანცისკემ გამოგვიგზავნა წერილი, სადაც გამოხატული იყო მისი დიდი სურვილი, რომ ადამიანებთან შეხვედრისას, უპირველეს ყოვლისა, მათ პიროვნებასა და ინდივიდუალობას გავცნობოდით და არა მხოლოდ მათ იდეებს, შეხედულებებსა თუ პრობლემებს.  საჭიროა გავიზიაროთ ადამიანების სიხარული და სატკივარი, რომლებიც ჩვენი საერთო ადამიანური ბუნების გამო, საზოგადოების არცერთი წევრისთვის უცხო არაა. ადამიანებთან  ჭეშმარიტი შეხვედრა და მათი პიროვნების შეცნობა გულისხმობს მათ გულდასმით მოსმენას, მათ მიმართ მოთმინების, მზრუნველობისა და სიახლოვის გამოჩენას.

შობადღე სიცოცხლისა  და ოჯახის ზეიმია, ოჯახისა, რომელიც ჩვილი იესოს დაბადებამ გააერთიანა. ბეთლემში მყოფი წმინდა ოჯახი სიახლოვეს, თანაგრძნობასა და სიკეთეს ასხივებს. რაც ერთმანეთისთვის "გაწვდილი ხელიდან" მომდინარეობს. ამ ოჯახს ყველაზე მეტად სიტყვა "სიცოცხლე" მიესადაგება. ერიც ოჯახია, ადამიანური ოჯახი რეალური ხალხით. მისი სიჯანსაღე და სიცოცხლე იმავე პრინციპებს ემყარება, რასაც ჩვეულებრივი ოჯახი. ამ გასულ წელს არაერთხელ გაისმა ხალხისადმი მოწოდება, რომ "ხელი გაეწვდინათ" ერთმანეთისთვის. საჭიროა შევჩერდეთ, დავფიქრდეთ, ვილოცოთ ერისთვის. ვილოცოთ პასუხისმგებელი პირებისთვის და მათთვისაც, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ, ვისი უფლებებიც დაირღვა, ვინც იტანჯება, ვისი ყოველდღიური პრობლემებიც უკეთეს გადაწყვეტას იმსახურებს. სხვებისთვის "ხელის გაწვდენა" დიდსულოვნების, ძლიერებისა და სიბრძნის ნიშანია. მაშ, "გავუწოდოთ ხელი" და ვილოცოთ ურთიერთგაგებისთვის. ვეძიოთ წინ მიმამავალი ახალი გზები. ცხადია, ამას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გვწამს.

2021 წლის ეროვნული თუ მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინსვლის გზა მეტ დიალოგშია, იმაში, რომ "ჯერ ადამიანებს შევხვდეთ და მერე მათ შეხედულებებს თუ პრობლემებს". 1-ლი იანვარი მსოფლიო მშვიდობისათვის ლოცვის დღეა. მსოფლიო მშვიდობა კი ცალკეული ოჯახებიდან და ერთ ოჯახად ქცეული ერიდან იწყება. ყოველი ჩვენგანი ჩვენი ოჯახების, საკრებულოებისა და საზოგადოების  ხიდია. ამ სადღესასწაულო და წმინდა დღეებში, მე "ხელს გიწვდით" და ჩემს ლოცვებს თქვენს ლოცვებს ვუერთებ, ჩვენი დიდი ოჯახის – ჩვენი საყვარელი ერის სასიკეთოდ.

ყოველ თქვენგანს და თქვენს ძვირფას ადამიანებს ვულოცავ წმინდა შობადღეს და ღვთით კურთხეულ ახალ 2022 წელს, ახალ დასაწყისს, აღსავსეს ჯანმრთელობით, მშვიდობით, ურთიერთგაგებით, ერთობით, უხვი ზეციური მადლით და ... ერთმანეთისთვის "გაწვდილი ხელით".

კომენტარები