თურქეთის ეკონომიკა

თურქეთის არატრადიციული მონეტარული პოლიტიკის მიზეზად ერდოღანი ისლამს ასახელებს 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
Financial Times

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და თურქული ლირის რეკორდულად გაუფასურების ფონზე, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ცენტრალური ბანკის არატრადიციული მონეტარული პოლიტიკისა და რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მთავარ მიზეზად ისლამურ სწავლებაში მევახშეობის შესახებ არსებულ ნეგატიურ წარმოდგენებს ასახელებს

"საპროცენტო განაკვეთის შემცირების პროცესი გაგრძელდება, სხვას ნურაფერს მოელით. როგორც მუსლიმი, მე იმის კეთებას გავაგრძელებ, რასაც ისლამური სწავლება მოითხოვს". – თქვა ერდოღანმა. 

თეოლოგთა ნაწილის შეფასებით, ტრადიციული ისლამური სწავლება თანხის გასესხებას, საპროცენტო განაკვეთით სარგებლის მიღებას და მევახშეობის პრაქტიკას კრძალავს, რაც თანამედროვე საფინანსო სისტემაში ცენტრალური ბანკის პირდაპირი მოვალეობაა.  

თურქეთში არსებული 20%-იანი ინფლაციის დონის მიუხედავად, ერდოღანის ბრძანებით ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 100 საბაზისო პუნქტით, 14%-მდე შეამცირა.

გარდა ამისა, S&P Global-მა თურქეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა უარყოფითად შეფასება, რასაც საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე ლირის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 16.67 ლირას მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის ხედვა წინააღმდეგობაშია ეკონომისტების დიდი ნაწილის და, მათ შორის, თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხედვებთან. ერდოღანის აზრით, ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - რეფინანსირების განაკვეთი არ წარმოადგენს ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორს და პირიქით, გაზრდილი განაკვეთის შედეგია მზარდი ინფლაციის დონეც.

ექსპერტების შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ამჟამად თითქმის 20%-ს შეადგენს. 

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა.

დეკემბერში ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის მის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა.

პრეზიდენტის მოსაზრებას არ იზიარებენ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც და ვარაუდობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა გაამწვავებს ლირის გაუფასურების და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

კომენტარები