ერაყი

ბაღდადში მწვანე ზონის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს

Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მწვანე ზონის მიმართულებით კატიუშას ტიპის ორი რაკეტა ისროლეს. როგორც Reuters-ი წერს, ინფორმაციას უშიშროების ძალებზე დაყრდნობით ერაყის სამთავრობო მედია ავრცელებს.

ერთი რაკეტა ჰაერში თავდაცვის სისტემა C-RAM-მა გაანადგურა, ხოლო მეორემ მწვანე ზონაში ორი მანქანა დააზიანა. უშიშროების ძალებმა რაკეტების გაშვების ადგილის საპოვნელად გამოძიება დაიწყეს.

ბაღდადის მწვანე ზონაში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და სამთავრობო შენობებია განთავსებული. მწვანე ზონა ხშირად ხდება თავდასხმების სამიზნე. აშშ-სა და ერაყის წარმომადგენლების თქმით, ამ თავდასხმების უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა ჯგუფი დგას. აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენლის თქმით, თავდასხმის შედეგად აშშ-ს საელჩოს საფრთხე არ შექმნია და ამერიკის მოქალაქეები არ დაზარალებულან.

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მომდევნო კვირებში, შესაძლოა, ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ აშშ-ს ძალებზე თავდასხმები გახშირდეს. რაც, სავარაუდოდ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის წლისთავის მოახლოებასთან არის დაკავშირებული.

გენერალი ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან ამერიკული დრონით ავიაიერიშის დროს მოკლეს. სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული ქვედანაყოფის, ყუდსის მეთაური იყო. მასთან ერთად თავდასხმისას მოკლეს ერაყის სამხედრო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სოლეიმანი აშშ-ს საელჩოებზე გეგმავდა თავდასხმას. პასუხად ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა მოაწყო, რომელიც უმსხვერპლოდ დასრულდა.

კომენტარები