ერაყი

ერაყის მთავრობა: აშშ-ს საბრძოლო მისიას ქვეყანას დავატოვებინებთ

ერაყის პრემიერმინისტრი მოჰამედ შია ალ-სუდანი პრესკონფერენციაზე
REUTERS/Thaier Al-Sudani/Pool/ File Photo

ერაყის მთავრობა აშშ-ს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის ძალების ქვეყნიდან გასაშვებად კომიტეტს ჩამოაყალიბებს. ამის შესახებ ერაყის პრემიერმინისტრის, მოჰამედ შია ალ-სუდანის, ოფისი განცხადებას ავრცელებს. მთავრობის ერთ-ერთი წევრის თქმით, კომიტეტში სამხედრო კოალიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

"ერაყში საერთაშორისო კოალიციის ძალების ყოფნის სამუდამოდ დასრულებისთვის გეგმების შესადგენად მთავრობა ბილატერალური კომიტეტის დაწყების თარიღს განსაზღვრავს". - წერია პრემიერმინისტრის განცხადებაში. 

მთავრობის ეს გადაწყვეტილება 4 იანვარს ბაღდადში აშშ-ს მიერ ერთ-ერთი პროირანული დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ იერიშს მოჰყვა. ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის მოწყობის საპასუხოდ, აშშ-მ ჰარაკატ ალ ნუჯაბაზე იერიში მიიტანა და მისი მეთაური და რამდენიმე წევრი მოკლა. ირანთან დაახლოებულმა ჯგუფებმა, რომლებიც ერაყის სამთავრობო კოალიციის წევრები არიან, თავდასხმა გააპროტესტეს და სამხედრო კოალიციის ქვეყნიდან გასვლა მოითხოვეს. 

"ხაზს ვუსვამთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ საერთაშორისო კოალიციის არსებობა უნდა შეწყდეს მას შემდეგ, რაც მისი არსებობის გამართლების საფუძვლები აღარ არსებობს". - თქვა სუდანიმ. 

აშშ-ს მეთაურობით სამხედრო ძალები ერაყში 2003 წელს პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად და მასობრივი განადგურების იარაღის გასანეიტრალებლად შეიჭრნენ. მოგვიანებით, კოალიციურმა ძალებმა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი ვერ იპოვეს. აშშ-ს ძალებმა ერაყი 2011 წელს დატოვეს, თუმცა 3 წლის შემდეგ ერაყის მთავრობის თხოვნით ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად დაბრუნდნენ.

ე.წ. ისლამური სახელმწიფო 2017 წელს დამარცხდა, რის შემდეგაც აშშ-ს სამხედრო ძალები ქვეყანაში დარჩნენ, რათა ჯგუფისთვის ძალების აღდგენის საშუალება არ მიეცათ.

2021 წლის დეკემბერში ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისია ოფიციალურად დასრულდა. ადგილზე მყოფმა სამხედროებმა დანიშნულება იცვალეს და ახლა დამხმარე როლს ასრულებენ, შესაბამისად, ქვეყანაში ამჟამად 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი არის განთავსებული.

კომენტარები