ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე

სანქციების საპასუხოდ რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 7 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
TASS

დიდი ბრიტანეთის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ რუსეთმა ბრიტანეთის 7 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

"ლონდონის არამეგობრული მოქმედებების საპასუხოდ და ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, გადაწყდა პერსონალური სანქციების დაწესება ანტი-რუსულ საქმიანობაში ჩართული დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების პროპორციული რაოდენობისთვის. მათ აეკრძალათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსვლა". – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვი ლონდონს ორმხრივ ურთიერთობებში "დესტრუქციული კურსის" გაგრძელებაში ადანაშაულებს.

2021 წლის აგვისტოში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის 7 თანამშრომელს სანქციები დაუწესა. მათ ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლაში ედებათ ბრალი. სანქციების ფარგლებში გაიყინა მათი ანგარიშები და დაუწესდათ შეზღუდვები დიდ ბრიტანეთში შესვლაზე.


2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინა არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები