ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე

რუსეთში პოლიციელს ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გაყიდვაში ადანაშაულებენ

ალექსეი ნავალნი

სანქტ-პეტერბურგში პოლიციის მაიორის წინააღდეგ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის საქმე აღიძრა. პოლიციელს ბრალად ედება იმ ავიამგზავრების შესახებ ინფორმაციის გაყიდვა, რომლებიც ალექსეი ნავალნისთან ერთად, მისი მოწამვლის დღეს, ერთი რეისით მგზავრობდნენ. ინფორმაციას რუსული გამოცემა კომერსანტი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელმა, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, სექტემბრის დასაწყისში ისარგებლა სამსახურეობრივი მონაცემთა ბაზით და მოძებნა ინფორმაცია ტომსი-მოსკოვი მიმართულებით 20 და 21 აგვისტოს შესრულებული რეისების შესახებ, შემდეგ ავიაკომპანია S7-ის 2614 რეისეის მგზავრების შესახებ "მიიღო პერსონალური მონაცემები", რომლებიც "გადასცა მესამე პირს". ალექსიე ნავალნი სწორედ ამ რეისით მგზავრობდა, როცა ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ ცუდად გახდა. 

პოლიციის მაირის საქმეს ფედერალური უშიშროების სამსახური უძღვება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელს სამიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2020 წლის 14 დეკემბერს Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შესახებ. გამოძიებაში The Insider-ი, CNN-ი, Der Spiegel და El Pais-ი და თავად ნავალნიც მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB-ს) სპეციალური ქვედანაყოფი წლების მანძილზე უთვალთვალებდა ნავალნის და სწორედ FSB-ია პასუხისმგებელი ტომსკში ნავალნის მოწამვლაზე. გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ მგზავრების შესახებ მონაცემები, რომლებიც ნავალნისთან ერთად მგზავრობდნენ. 

სატელეფონო ზარების მონაცემებისა და მოგზაურობის მარშუტების მონაცემებზე დაყრდნობით, Bellingcat-ის გამოძიებამ გამოავლინა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წლების მანძილზე უთვალთვალებდნენ ნავალნის და მის პარალელურად მგზავრობდნენ რუსეთის მასშტაბით, მათ შორის 2020 წლის აგვისტოში ისინი ნავალნისთან ერთად ჩაფრინდნენ ციმბირში. როგორც ნავალნიმ გამოძიებაზე საუბრისას განმარტა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ჯავშნის ბილეთებს თვითმფრინავის რეისებზე, მარტივად არის ხელმისაწვდომი რუსეთის შავ ბაზარზე.

კომენტარები