ენერგეტიკა

2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 5.9%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით 5.9%-ით შემცირდა და 11 159.8 მლნ კვტ/სთ შეადგინა. საქსტატის თანახმად, წარმოების შემცირება ძირითადად მშრალი კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით იყო განპირობებული.

2020-ში შემცირდა ნავთობის და ბუნებრივი გაზის მოპოვებაც. წინა წლის განმავლობაში მოპოვებულია 31.3 ათასი ტონა ნავთობი, რაც 2019 წელთან შედარებით 10.8%-ით ნაკლებია, მოპოვებული ბუნებრივი გაზის მოცულობა კი 8.9 მლნ მ3-ია, 7.3%-ით ნაკლები. ქვანახშირის მოპოვება კი 6.5%-ით გაიზარდა და 99.3 ათასი ტონა შეადგინა.

რაც შეეხება მოხმარებას, 2020 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 11 479.3 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც 4.8%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ბუნებრივი გაზის მოხმარება 3.3%-ითაა გაზრდილი, ხოლო ნავთობპროდუქტების მოხმარება შემცირებულია 5%-ით.

როგორც საქსტატი განმარტავს, ზოგადად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელთა კლება განპირობებულია ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვებით.

2020 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზის თანახმად, ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია შინამეურნეობების სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 31.4%. რაც შეეხება სხვა დარგებს, 30.3% მოდის ტრანსპორტის, 19.2% - მრეწველობის, 4.5%  - მშენებლობის, 0.6% - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14% - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.

 

კომენტარები