აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. სამიტზე ევრკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა აღმოსავლეთის 5 პარტნიორ ქვეყანასთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელიმა სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე დეკლარაციის ოთხი მთავარი თემა გამოყო. მიშელის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა დაფუძნებულია ღირებულებებზე, კანონის უზენაესობაზე, კარგ მმართველობაზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ პრინციპებზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის მიერ პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების მხარდაჭერა. კიდევ ორი საკითხი, რომელზეც შარლ მიშელმა გაამახვილა ყურადღება არის ევროკავშირის ინვესტიციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყენბში და რეგიონის უსაფრთხოების დაცვა. მიშელმა აღნიშნა, რომ კეთილღეობისვის საჭიროა უსაფრთხოება, ხოლო თავის მხრივ კეთილდღეობა აძლიერებს უსაფრთხოებას.

"ჩვენ ერთად შევიკრიბეთ რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი სტრატეგიის, ამბიციური და მომავალზე ორიენტირებული ევროპული პარტნიორობის მხარდაჭერა, რომელიც მტკიცედ არის დაფუძნებული საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ორმხრივ ინტერესებზე და გაზიარებულ პასუხისმგებლობაზე, ინკლუზიურობაზე, განსხვავებებსა და ორმხრივ ანგარიშვალდებულებაზე" - ნათქვამია საერთო დეკლარაციაში.

დეკლარაციაში ხაზგასმულია საერთო ღირებულებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მნიშვნელობა, ასევე ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის აუცილებლობა.

პარტნიორობის საკითხში დეკლარაცია მიესალმება ასოცირების შეთანხმებისა და სავაჭრო შეთანხმებების სრულ იმპლემენტაციას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

პარტნიორების კეთილდღეობისთვის დეკლარაცია ასევე პრიორიტეტად ისახავს "აღორძინების, მედეგობის და რეფორმების" დღის წესრიგის ფარგლებში პარტნიორების მედეგობის გაძლიერებას.

ერთობლივ დეკლარაციაში გამოყოფილია 2020 წლის შემდგომი მთავრი პრიორიტეტების ორი ძირითადი მიმართულება, ესენია კარგი მმართველობა და ინვესტიციები. მმართველობის ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მედეგი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მნიშვნელობასა და სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების საჭიროებაზე.

ინვესტიციების ნაწილში ყურადღება გამახვილდება მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსებაზე, რომელიც გააძლიერებს მდგრადი ეკონომიკის განვითარებას და შექმნის მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილებს.

ევროკავშირი ასევე იმუშავებს პარტნიორ სახელმწიფოებთან გარემოს დაცვის საკითხებში და ციფრული სექტორის განვითარებისთვის.

კომენტარები