აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

ირაკლი ღარიბაშვილი მიშელმა და ფონ დერ ლეიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს

European Council

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება.


"გვაქვს პატივი მოგიწვიოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე, რომელიც თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის განმტკიცებას ისახავს მიზნად მიმდინარე გლობალური გამოწვევების პირობებში.

2019 წელს აღვნიშნეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილე. მას შემდეგ განვიცადეთ ახალი კორონავირუსის პანდემია, რომელიც გრძელვადიანი ეფექტის მოხდენის რისკის წინაშე ამყოფებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობასა და ეკონომიკას. პანდემიამ არც იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ გასულ წელს შევხვედრილიყავით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტი ჩვენი საერთო ფასეულობების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირების დროულ შესაძლებლობას იძლევა, თან შეგვეძლება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვის შემუშავება მაშინ, როდესაც აუცილებელი რეფორმების გზაზე დაწინაურებას ვცდილობთ, გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე ვრეაგირებთ და წინ მიგვყავს ჩვენი პარტნიორობა.

ახლადშემოთავაზებული დღის წესრიგი, სახელწოდებით "რეფორმები, აღდგენა და გამძლეობა" გამყარებულია ამბიციური, რეგიონალური, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით. ეს გახლავთ შორსმიმავალი გზამკვლევი მდგრადი, პოსტ-პანდემიური აღდგენის ხელშესაწყობად, რაც გამძლეობის უნარის გამომუშავებასა და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ამ საკითხების განსახილველად გთავაზობთ შეხვედრას ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერთა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურთა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების დონეზე". - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში.

კომენტარები