ქართული ოცნება

"ოცნებამ კახეთში ღრეობა ჩაატარა, მთვრალი გუბერნატორი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა" – ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების წევრები წინანდალში შეიკრიბნენ, "დიდი საერთო ღრეობა" ჩაატარეს, გზად კი კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოშვილი სახელმწიფო ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა. ამის შესახებ ბრიფინგზე ენმ-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა.

"რამდენიმე დღის წინ კახეთში, წინანდლის ჭავჭავაძის რეზიდენციაში ქართულმა ოცნებამ, მისმა ლიდერებმა ჩაატარეს დიდი საერთო ღრეობა, სადაც შეკრებილები იყვნენ როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები საქართველოს ყველა რეგიონიდან, გუბერნატორები და სხვადასხვა ჩინოვნიკები. კახეთის გუბერნატორი, ბატონი ირაკლი შიოშვილი, მთვრალ მდგომარეობაში წინანდლიდან გაემართა თელავის მიმართულებით და ფაქტია, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო სახელმწიფო ავტომობილი. ექიმებს მოატყუა, თითქოს ის დაგორდა კიბეებზე და იქ მიიღო მცირე დაზიანებები". - ამბობს ბოტკოველი. 

რთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩატარებული ალკოტესტის შედეგი გამოაქვეყნოს.  

ირაკლი შიოშვილი მთავართან საუბარში ამბობს, რომ ენმ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება -  მისივე სიტყვებით, "ღონისძიება" შაბათს იყო, ავტოსაგზაო შემთხვევაში კი კვირას მოხვდა. 

"არანაირად არ ემთხვევა დროში, ეგ ღონისძიება იყო შაბათს, საგზაო შემთხვევა მოხდა კვირას. მე მივდიოდი თელავისკენ და წინანდალი, მოგეხსენებათ, არის თელავისკენ. მე საქმეზე ვიყავი და ვბრუნდებოდი უკან, სახლში. მე ვმოძრაობდი გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზიდან, თან თელავის მიმართულებით, თან კვირა დღეს. 

ეს ღონისძიება იყო შაბათ დღეს და არანაირად არ ემთხვევა ერთმანეთს. მე ვიმყოფებოდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, რაღაც საქმეზე და თელავში საღამოს მოვდიოდი". - ამბობს ის მთავართან.  

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები