NATO-რუსეთი

ზალკალიანი: 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ეს ძალიან მკაფიოა

კადრი ვიდეოდან / David Zalkaliani / Facebook

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (МИД) მოთხოვნას ეხმაურება, გააუქმონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, მკაფიო პოზიციაა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

"NATO უნიკალური ორგანიზაციაა, ის დაფუძნებულია პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი პარტნიორები და ყველა ქვეყანისთვის, რომელიც მიისწრაფვის NATO-სკენ და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, NATO-ს კარი ღიაა. ეს არის NATO-სა და ქვეყნის გადასაწყვეტი.

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არაერთხელ განმეორდა სხვადასხვა უმაღლესი სამიტის გადაწყვეტილებებში. 2008 წლის შემდეგ თითქმის ყველა სამიტზეა ამის შესახებ საუბარი. მათ შორის, ბოლო,  2021 წლის სამიტის დეკლარაციაშიც ძალიან მკაფიოდ არის განმეორებული ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ნიშანდობლივია ისიც, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი". – თქვა ზალკალიანმა ვიდეომიმართვაში.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.   

რუსეთი აშშ-სა და NATO-ს სხვა წევრებისგან ასევე მოითხოვს იურიდიულ შეთანხმებას, რომ მის მეზობელ ქვეყნებში არ განლაგდება საიერიშო დანადგარები, რომლებიც მათ საფრთხეს შეუქმნის. ეს მოთხოვნა ვრცელდება როგორც ალიანსის არაწევრს, ისე წევრ ქვეყნებზე. 

ამას გარდა, რუსეთი ითხოვს ალიანსის შეხების ხაზიდან ოპერატიული სწავლების რაიონების გაყვანას, საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მოახლოების მანძილის შეთანხმებას, განსაკუთრებით ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, ასევე NATO-რუსეთისა და NATO-აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლებას.

რამდენიმე დღის წინ, 8 დეკემბერს გაიმართა ვიდეოშეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. მათი განხილვის მთავარი საგანი უკრაინის საკითხი იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ-ს პრეზიდენტი არც ერთ დათმობაზე არ წასულა.

NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2021 წელს სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც მათი დიპლომატიური ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა. რთული ვითარების კიდევ უფრო გამძაფრება გამოიწვია უკრაინის საზღვრებთან არსებულმა დაძაბულობამ.

კომენტარები