დონალდ ტრამპი

"შევე*ი" – დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუზე

დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ

"შევე*ი მას" – თქვა ისრაელის ყოფილ პრემიერმინისტრზე, ბენიამინ ნეთანიაჰუზე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავტორი და ჟურნალისტი ბარაკ რავიდისთვის აპრილში მიცემულ ინტერვიუში.

ბარაკ რავიდმა ტრამპს ინტერვიუ საკუთარი წიგნისთვის (ტრამპის მშვიდობა: აბრაამის შეთანხმება და ახლო აღმოსავლეთის გარდასახვა) ჩამოართვა. 

დონალდ ტრამპი მიცემულ ინტერვიუში უკმაყოფილებას გამოთქვამდა, იმაზე, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტება "ნაადრევად" მიულოცა, მაშინ, როცა ექსპრეზიდენტი არჩევნების შედეგებს ჯერ კიდევ აპროტესტებდა. 

"მე მომწონდა ბიბი. ისევ მომწონს ბიბი. მაგრამ ასევე მომწონს ერთგულება. პირველმა, ვინც ბაიდენს მიულოცა, ბიბი იყო. და უბრალოდ კი არ მიულოცა, ამისთვის ვიდეო ჩაწერა", – თქვა რავიდთან ტრამპმა ნეთანიაჰუზე, რომელსაც ზედმეტსახელით იხსენიებს.

"ეს ძალიან ნაადრევი იყო, ბევრზე მეტად ნაადრევი. ამის შემდეგ მასთან არ მილაპარაკია. შევე*ი მას", – ამბობდა ნეთანიაჰუზე ნაწყენი ტრამპი. 

სინამდვილეში, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბაიდენისთვის პირველს გამარჯვება ნამდვილად არ მიულოცია, მეტიც, მისი მილოცვა შედეგების გამოცხადებიდან 12 საათის შემდეგ გასაჯაროვდა, მაშინ, როცა არაერთი ქვეყნის ლიდერს ჯო ბაიდენისთვის გამარჯვება უკვე მილოცვილი ჰქონდა.

ინტერვიუში ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენისთვის გამარჯვება ჯერ არ მიელოცათ ისეთი ქვეყნის ლიდერებსაც კი, როგორიცაა ბრაზილია და რუსეთი, რადგან მათ "გაყალბება იგრძნეს", ნეთანიაჰუმ კი ნეთანიაჰუმ მისი გამარჯვება აღიარა. 

"განცხადების გაკეთება, როცა ჯერ მელანიც კი არ შემშრალიყო, თანაც, უბრალო განცხადება კი არა, ვიდეოჩანაწერი ჯო ბაიდენისთვის და საუბარი მათ დიდებულ, დიდებულ მეგობრობაზე – მათ მეგობრობა არ ჰქონიათ, რადგან, რომ ჰქონოდათ, [ობამას ადმინისტრაცია] ირანს არ შეუთანხმდებოდა. და მიხვდით ახლა რა მოხდება – ამას [ირანთან ბირთვულ შეთანხმებას] ისევ გააკეთებენ", – თქვა ტრამპმა.

ინტერვიუში მან გამოხატა უკმაყოფილება, რომ ისრაელისთვის აშშ-ს არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია იმდენი რამ, რაც მან გააკეთა. ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის მართლაც ახლო პარტნიორობა იყო. ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელის საელჩო იერუსალიმში გადაიტანა, ოკუპირებული გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიარა, რეგიონში აშშ-მ სამხედროები დატოვა.

ტრამპმა ბარაკ რავიდის კიდევ ერთი ინტერვიუ ივლისში მისცა. ჟურნალისტის თქმით, ამჯერად მისი ტონი უფრო რბილი იყო. 

დონალდ ტრამპი არ აღიარებდა ჯო ბაიდენის გამარჯვებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და აცხადებდა, რომ პროცესი გაყალბებული იყო.

კომენტარები