დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პრეზიდენტი: ვწუხვარ, რომ ხალხი ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით არის დაკავებული

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერს მხარს. პრეზიდენტის შეფასებით, სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოება "ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის" აქციებით არის დაკავებული და არა ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. 

"მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია.

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ჩემი აზრით, ევალება კიდევაც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება. ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია". - წერს ზურაბიშვილი. 

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისისთვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები