თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

GNFC

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად ფილმ მეოთხე ბრაიტონით გაიხსნა.

დახურულ ჩვენებას კინომცოდნეები და კინოჟურნალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მეოთხე ბრაიტონის თბილისური პრემიერის წინ, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ გადამღები ჯგუფის წევრები, მათ შორის რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და მთავარი როლის შემსრულებელი, ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი.

მეოთხე ბრაიტონის მთავარი გმირი ყოფილი მოჭიდავე კახია, რომელიც ნიუ-იორკში შვილის მოსანახულებლად მიემგზავრება. ბრაიტონში ჩასვლისთანავე კახი ეცნობა ქართველი ემიგრანტების მძიმე და ერთფეროვან ყოფას. სურათში ასევე მონაწილეობენ გიორგი ტაბიძე, ნადეჟდა მიხალკოვა, ირაკლი კავსაძე. უკანასკნელი როლი შეასრულა კახი კავსაძემ, ფილმი დიდი მსახიობის ხსოვნას ეძღვნება. მეოთხე ბრაიტონი საქართველოს სახელით ოსკარის ნომინაციისთვის იბრძვის.

ფესტივალზე 60-ზე მეტი ფილმია წარმოდგენილი. საკონკურსო პროგრამაში წელს ქართული ნამუშევრები მოხვდა. 11 დეკემბერს კინოფესტივალის ჯილდო პრომეთე საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადაეცემა. 

მეოთხე ბრაიტონის ნახვა ფესტივალის ფარგლებში 9 დეკემბერს იქნება შესაძლებელი. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სრულ პროგრამას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები