საფრანგეთი

საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი ვალერი პეკრესი იქნება

ვალერი პეკრესი
francetvinfo.fr

საფრანგეთის რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად პარიზის რეგიონის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი პეკრესი წარადგინა. პეკრესი რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი იქნება.

პეკრეს პარტიის წევრების 61%-მა დაუჭირა მხარი, მისმა მეტოქემ ერიკ სიოტიმ 39%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

"გენერალ შარლ დე გოლის პარტიას, ჩვენს პოლიტიკურ ოჯახს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქალი კანდიდატი ეყოლება. დღეს საფრანგეთის ყველა ქალზე ვფიქრობ. ყველაფერს გავაკეთებ ტრიუმფისთვის" - თქვა ვალერი პეკრესმა.

მართალია სიოტისთან შედარებით პეკრესი უფრო ზომიერ პოლიტიკოსად მიიჩნევა, თუმცა რიგ საკითხებზე, მათ შორის ემოგრაციასა და კანონისს და წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე პეკრესაც უფრო ხისტი პოლიტიკა აქვს.

კამპანიის ფარგლებში პეკრესის დაპირებებს შორის იყო ემიგრანტების საფრანგეთში ცხოვრების უფლებაზე ნებართვების გაცემის რაოდენობის განახევრება, კრიმინალთან ბრძოლის გამკაცრება და გარკვეულ შემთხვევებში ქალებისთვის თავსაბურავების ტარების შეზღუდვა.

"რესპუბლიკური მემარჯვენეობა დაბრუნდა და ის მტკიცე სულისკვეთებით იბრძოლებს. საფრანგეთს ლოდინის დრო არ აქვს" - თქვა პეკრესმა და პირობა დადო, რომ საფრანგეთს მსოფლიოში პატივცემულ ქვეყანად აქცევდა.

პეკრესმა "ისლამურ სეპარატიზმის" და "უკონტროლო მიგრაციის" წინააღმდეგ უფრო ხისტი პოლიტიკის პირობა დადო.

"მესმის იმ ადამიანების სიბრაზის, რომლებიც თავს უსუსურად გრძნობენ ძალადობის, ისლამისტური სეპარატიზმის და უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ. არ ვიქნები მერყევი რესპუბლიკის მტრების წინააღმდეგ" - თქვა პეკრესმა.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენით 2022 წლის აპრილის არჩევნების ძირითადი კონტურები უკვე გამოიკვეთა. ანალიტიკოსების შეფასებით პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავის კანდიდატურას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში წარადგენს.

არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს მაკრონის მთავარი მეტოქე უკიდურესად მემარჯვენე მარი ლე პენი. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე კანდიდატი ერიკ ზემური.

წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ არჩევნებში სავარაუდოდ კვლავ ემანუელ მაკრონი გაიმარჯვებს. თუმცა ძლიერი კანდიდატის გამოჩენამ, რომელსაც წარმატებული წინასაარჩევნო კამპანია ექნება, შესაძლოა არჩევნების შედეგები შეცვალოს.

კომენტარები