საკონსტიტუციო ცვლილებები

მდინარაძე: არ ვართ ვალდებულები, დასავლელი პარტნიორების ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პასუხობს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკას და ამბობს, რომ მმართველი გუნდი არაა ვალდებული დასავლელი პარტნიორების ყველა მოსაზრებას დაეთანხმოს. ამის შესახებ მდინარაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. 

"მე მინდა დავაფიქსირო ნებისმიერი აზრის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით თუ ეს აზრი, თუნდაც კრიტიკა, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რიგ შემთხვევებში მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ და საერთოდ ამის სტატისტიკა ვაწარმოოთ".- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომაა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი საქართველოსთვის ცუდი, როცა ის  ევროპის ქვეყნების ნახევრისთვის კარგია. 

"უნდა შევთანხმდეთ, რაშიც ობიექტურად დავეთანხმებით, იმაზე ობიექტურადვე ვიტყვით, რომ ამაში ვეთანხმებით, მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც რაშიც არ ვეთანხმებით ისიც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამასაც კი რაღაც საფუძველი აქვს. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, არგუმენტების მიხედვით, რა ხდება ევროპაში, რატომ არის საქართველოში ცუდი ის, რაც ევროპის ნახევარზე მეტ ქვეყნებში არის კარგი?!ორპოლუსიანობაა აშშ-ში უკვე საუკუნეებია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი შეიძლება იყოს. ის მოდელი საქართველოში ანალოგიურად რომ გადმოვიტანოთ, ამან შეიძლება, ცუდად იმუშაოს, ის შტატებისთვისაა კარგი, მაგრამ კალკი რომ გააკეთო, შეიძლება, იყოს ძალიან ცუდი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ სხვა მოწყობის ქვეყანა ვართ სხვანაირი ქვეყანა ვართ".- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 2 დეკემბერს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თქვა, რომ "ყველაფრის ერთი პარტიის მიერ მართვა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს". 

კომენტარები