საკონსტიტუციო ცვლილებები

მელია: თუ არ გვეტყვიან, როგორ მიიღებენ ცვლილებებს, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, თუ დეკემბრის ბოლომდე ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების კალენდარსა და გეგმას არ წარმოადგენს, ენმ პარლამენტის დატოვების შესახებ შესაბამის და ვითარებისთვის ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნიკა მელიას მთავარი არხის ჟურნალისტმა ჰკითხა, განიხილავს თუ არა ენმ პარლამენტის დატოვებას იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს.

"დაახლოებით 3 თვის წინ, როდესაც მე ჩემს მეგობრებთან შეთანხმებით გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ მე პირადად ვტოვებ პარლამენტს გარკვეული მოსაზრებების გამო, მაგრამ პარტია რჩება პარლამენტში, ერთადერთი მიზეზი ჩემ მიერ ნახსენები იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. რა თქმა უნდა, დეკემბრის ბოლომდე ბატონი კუჭავა, კობახიძე, ქართული ოცნება თუ კალენდარს არ წარმოგვიდგენს და არ გვეტყვის როგორ და რანაირად აპირებენ [საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას], დღეს მათ რეალურად გვითხრეს, მაგრამ მინდა მოვისმინო პარლამენტის თავმჯდომარისგანაც პასუხი, ერთი თვე არის საკმარისი დრო, რომ ეს ყველაფერი მოიყვანონ სისტემაში, თუ ამ ყველაფერს არ აკეთებენ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი და ვითარებასთან ადეკვატურობაში მოსული". – თქვა ნიკა მელიამ.

30 ნოემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.

"ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას და ეს საჩუქარი მათ გაუკეთდება თუ არა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული". – თქვა კობახიძემ.

კომენტარები