მიხეილ სააკაშვილი

პროკურატურა: პროცესზე გვარამიას მიერ პროკურორების შეურაცხყოფაზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურის განცხადებით, 29 ნოემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატ ნიკა გვარამიას მიერ პროკურორებისთვის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემდეგ სხდომაზე პროკურატურა გვარამიას სასამართლო დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს.

"სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს – პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, ადვოკატ ნ. გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო ბრალდების მხარე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას". – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესს პირველად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც.

კომენტარები