მწვანე პასპორტი

PHR-მა კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტის გადაცემა სასამართლოში გაასაჩივრა

Shutterstock

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის ავტორები, ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი ითხოვენ, სასამართლომ უახლოეს ორ დღეში დაავალდებულოს მთავრობა, რომ წარადგინოს სამეცნიერო არგუმენტაცია კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემის უსაფრთხოების დასადასტურებლად.

1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება. მოქალაქეებს რიგ დაწესებულებაში შესასვლელად მწვანე სტატუსი ექნებათ ორჯერად აცრის შემთხვევაში, ასევე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისას. მწვანე სტატუსი ექნებათ იმ პირებსაც, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. აღსანიშნავია, რომ არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია.

მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტებში – რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

კომენტარები