მწვანე პასპორტი

უცხოეთში აცრილი მოქალაქეები მწვანე პასპორტის მიღებას შეძლებენ – ჯანდაცვის სამინისტრო

Shutterstock

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არიან აცრილები, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა უცხოეთში, Georgia eHealth აპლიკაციაში რეგისტრაციასა და მწვანე პასპორტის მიღებას შეძლებენ.

"ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან, პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში.

ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც შეესაბამებიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ N01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს) მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ქვემოთ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს და წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის საფუძველზეც ადგილზევე მოხდება მათი რეგისტრაცია და სტატუსი აისახება Georgia eHealth აპლიკაციაში.

  • აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29
  • Exspress Medical Service – ქ. თბილისი,ზღვის პლაზა ჰუალინგი
  • ვივამედი – ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N234
  • აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი
  • ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო – ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2

1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ე.წ მწვანე ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის ორჯერ აცრილი და  გადატანილი აქვს კორონავირუსი. გარდა ამისა, მოქალაქეებს 72-საათიანი მწვანე სტატუსი მიენიჭებათ PCR ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ხოლო 24-საათიანი – ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებისას.

რა განსხვავებაა Georgia E Health-სა და CovidPass Georgia-ს შორის ნახეთ აქ. 

კომენტარები