მიხეილ სააკაშვილის დაკავება

შსს-მ სასამართლოსთან აქციაზე, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ინფორმაციას ადასტურებს ტაბულას ჟურნალისტი. კადრების მიხედვით, არიან დაშავებულებიც, მათ შორის პრესის წარმოამდგენლებიც. 

ტაბულამ სცადა შსს-ში ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა, შსს-მ ინფორმაცია სპეციალური ცრემლსადენი სპრეის გამოყენების თაობაზე არ დაადასტურა და მიუთითა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაზე. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება". – წერია შსს-ს განცხადებაში

 

კომენტარები