კორონავირუსი საქართველოში

შტამ ომიკრონის გამო საქართველო 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციებს აწესებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ​კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების გამო აფრიკის 8 ქვეყნიდან საქართველოს საზღვრის კვეთაზე რეგულაციები წესდება.

საბჭოს ინფორმაციით, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

  • სამხრეთ აფრიკა
  • ბოცვანა
  • ზიმბაბვე
  • ნამიბია
  • ლესოტო
  • ესვატინი (სვაზილენდი)
  • მოზამბიკი
  • მალავი

უწყებატაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება  28 ნოემბრიდან ამოქმედდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

• რა ვიცით COVID-19-ის ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ? 

კომენტარები