Squid Game

ჩრდილოეთ კორეაში SQUID GAME-ის გავრცელებაში ბრალდებულ კაცს სიკვდილით დასჯიან

Polygon

ჩრდილოეთ კორეაში სერიალ Squid Game-ის გავრცელებაში ბრალდებულ კაცს სიკვდილით დასჯიან. ინფორმაციას Radio Free Asia(RFA) ავრცელებს.

სამართალდამცველებმა Squid Game-ის გავრცელებისთვის ერთი კაცი, ხოლო ყურებისთვის 7 სტუდენტი დააკავეს. გამოძიების თქმით კონტრაბანდისტმა სერიალის ციფრული ასლი ჩინეთიდან USB მოწყობილობით გადმოიტანა და სკოლის მოსწავლეს მიყიდა, რომელმაც Netflix-ის შოუ თანაკლასელებთან ერთად საკლასო ოთახში ნახა. შემომტანს სიკვდილით დასჯა(დახვრეტა), ხოლო მყიდველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენი ექვსი სკოლის მოსწავლე 5 წელს შრომით ბანაკში გაატარებს. ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები, მათ სხვა სკოლაში მუშაობის უფლება აკრძალული აქვთ.

RFA-ს ცნობით პოპულარული სამხრეთკორეული სერიალი ხელისუფლების მიერ მიღებული მკაცრი ზომების მიუხედავად ჩრდილოეთ კორეაში USB და SD გადამტანების მეშვეობით ერთი კვირის წინ გავრცელდა.

8 ბრალდებული, ჩრდილოეთ კორეაში ერთი წლის წინ მიღებული, "რეაქციული აზროვნებისა და კულტურის აღმოფხვრის" კანონის საფუძველზე გაასამართლეს. კანონი სამხრეთ კორეასა და დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებში შექმნილი კონტენტის ყიდვის, შენახვისა და გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული.

Squid Game მიმდინარე წლის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ. სერიალმა სოციალური ქსელები დაიპყრო და ათასობით მიმის ინსპირაციის წყარო, ასევე წლევანდელი ჰელოუინის კოსტიუმების ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორი გახდა. Squid Game-ის პატივსაცემად მსოფლიოს მრავალ ქალაქში თემატური მაღაზიები გაიხსნა.

კომენტარები