ეკონომიკა

თურნავა: მეტი და მეტი პროგრამა გვაქვს, სადაც სოცდაუცველები შეიძლება დასაქმდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაანონსებული “ახალი სოციალური ხედვა” შეაფასა და აღნიშნა, რომ საჭიროა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სახელმწიფომ სამუშაო ადგილები შესთავაზოს.

"იწყება საკმაოდ მასშტაბური რეფორმა, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველების აქტიურ შრომაში ჩართვისა და საჯარო დასაქმების პროგრამების შეთავაზების თვალსაზრისით. ასე ვთქვათ, რესოციალიზაცია იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში არის მინდობილი მხოლოდ სოციალურ დაცვას, რათა შესწევდეს უნარი, რომ ღირსეულად ჩადგეს სამსახურში და თავისი შრომით ჰქონდეს შემოსავალი. ამავდროულად, ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და საჯარო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს. მეტი და მეტია მოთხოვნა ამ სექტორში დასაქმებულებზე. ჩვენ ორი რამ უნდა დავაკომბინიროთ, ერთი მხრივ, მეტი და მეტი პროგრამა გვაქვს, სადაც ადამიანები უნდა დასაქმდნენ და შესაძლებელია, დასაქმდნენ, რაც არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს ამ ეტაპზე. მეორე მხრივ, გვყავს არმია - დაახლოებით 200 000 ადამიანი, ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს მონაცემებს, ვინც არის სტატუსით დაუცველი, მაგრამ ამავდროულად, შეუძლია და სურვილი აქვს დასაქმდეს”. - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობა რამდენიმე კვირაში "ახალ სოციალურ ხედვას" წარადგენს, რადგანაც არსებული სისტემა "მანკიერია". ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები უნდა შექმნან და მათ მუშაობის მოტივაცია გაუჩინონ. პრემიერის თქმით, შრომისუნარიან მოქალაქეებს სწორედ სამუშაო უნდა შესთავაზონ სოციალური დახმარების ნაცვლად.

"არსებული პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება, არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა, შემაშფოთებელი. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები