სამუშაო ადგილები

პრემიერი შრომისუნარიან სოცდაუცველებს დახმარების ნაცვლად "10 000-ობით სამუშაო ადგილს" ჰპირდება

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობა რამდენიმე კვირაში "ახალ სოციალურ ხედვას" წარადგენს, რადგანაც არსებული სისტემა "მანკიერია". ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები უნდა შექმნან და მათ მუშაობის მოტივაცია გაუჩინონ. პრემიერის თქმით, შრომისუნარიან მოქალაქეებს სწორედ სამუშაო უნდა შესთავაზონ სოციალური დახმარების ნაცვლად.

"არსებული პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება, არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა, შემაშფოთებელი. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, უახლოეს რამდენიმე კვირაში ახალ სოციალურ ხედვას წარადგენს.

"პოლიტიკურ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მანკიერი სისტემა გაჯანსაღებული ახალი სისტემით. უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა - საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილების პროგრამა, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები.

ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით, თითოეული ქალაქისთვის, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ამაზე ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა და საუბარი გუნდის წევრებთან ერთად, მთავრობის წევრებთან ერთად და მე მჯერა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის გატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებულია, რომ ეს არის სწორი ხედვა" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა/

პრემიერმინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანია. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მათ არსებული სოციალური პოლიტიკის გამო არ აქვთ მუშაობის მოტივაცია.

"ის კი არა, უამრავი მაგალითი ვიცით, რომ ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, შემდეგ მათ ქულები აკლდებათ და უწყდებათ სოციალური დახმარება ან თუ სეზონური სამუშაოები არის მათთვის ბაზარზე ხელმისაწვდომი, ისინი არ არიან მოტივირებული, დაინტერესებული, რომ დასაქმდნენ სხვა საქმითაც, ამავადროულად და მეტი შემოსავალი მიიღონ, რაც არის კატასტროფა.

ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ მინიმუმ ის დახმარება, რაც მათ ეძლევათ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, ამას გარდა, სხვა დამატებითი, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, ახალი  სამუშაო დაიწყონ, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება. ორი-სამი სამუშაო ადგილი შეუძლიათ პარალელურად იშოვონარ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში, იყიდონ ტელევიზორი, მაცივარიც, სახლებიც გაარემონტონ, სახლები იყიდონ და და ა.შ. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა და დიდი სურვილი მაქვს, იანვრიდან დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, რომ თითქმის მთლიანად შეცვლის რეალობას და ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ, მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ განცდას, მოტივაციას, პერსპექტივას, რომ დასაქმდნენ რეალური საქმით, რეალური შრომით, შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები" - ამბობს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლები ჩაერთვება.

"უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, რამდენიმეკვირიანი პროგრამები შეგვიძლია შევიმუშავოთ ერთობლივად, და რეალურად შევცლით ამ გაყინულ, სტატიკურ მდგომარეობას" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა სოციალურად დაუცველთა დახმარების პროგრამას. დეტალები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

კომენტარები