ნინო ლომჯარია

Amnesty International: მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებათა ინსტიტუციებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International-ი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომს აქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებათა ინსტიტუციებს. მათი თქმით ომბუდსმენზე თავდასხმა მიუღებელია.

"თავდასხმა ომბუდსმენზე, რომელიც საკუთარ საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მიუღებელია. მთავრობამ ადამიანის უფლებათა ინსტიტუციებს პატივი უნდა სცეს და არა ძირი გამოუთხაროს მათ. უნდა გაატაროს მათი რეკომენდაციები, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრიორიტეტულობისთვის", – წერს ორგანიზაცია. 

"ის რაც ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, ფეიკია"- ასე გამოეხმაურა ქართულო ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნას, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.  

"თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ლომჯარიას მიმართ და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უდიდესი უმრავლესობა არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რასაც ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ. მათ შორის საჯარო განცხადებებით, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. 

ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით – ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის. ანუ, იმთავითვე ფეიკია ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსიულიმმა. როცა იდება ასეთი ფეიკდასკვნა ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, ეს ამ ეტაპზე არის ერთი მორიგი ფეიკი, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამ ფეიკდასკვნას გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რისიც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში, ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და კონკრეტული ექიმების", – თქვა ირაკლი კობახიძემ. 


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფოუწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 49-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები