მიხეილ სააკაშვილი

ექიმი სააკაშვილზე: შესამჩნევი სიყვითლე აქვს, დადის მძიმედ, პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა

Interpressnews.ge

"შესამჩნევი სიყვითლე აქვს, გადაადგილდება მძიმედ. სუსტად არის. პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა. მე ავედი მასთან". - ამბობს ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. 

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური მას სააკაშვილთან შესვლის უფლებას სამი დღეა არ აძლევს, თუმცა, დღეს თავად დაურეკეს და უთხრეს, თუ შეიძლება, მობრძანდითო. 

რაც შეეხება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ყიფშიძე ამბობს, რომ განიხილავს რამდენიმე კლინიკას, თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ მისი სურვილებია, ვინაიდან გადაყვანაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

"ვლაპრაკობდით გადაყვანაზე. მკითხა გორის საავადმყოფოზე. მე მივეცი რჩევა, რომ უარი თქვას, თუ ეს ვარიანტი განიხილება. ეს მშვენიერი ჰოსპიტალია, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წელს, ომის დროს, მაგრამ ის არ არის განკუთვნილი ამ ტიპის ავადმყოფისთვის. სიტყვამ მოიტანა, რომელიმე საავადმყოფოში გადაყვანაზე ლაპარაკი არ არის. რამდენიმე კლინიკაზე ვფიქრობ, სად შეიძლება მისი გადაყვანა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი wish list-ია". - ამბობს ყიფშიძე.


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები