მიხეილ სააკაშვილი

"მითხრა, რომ რამდენიმე დღეა წამლებს არ იღებს, სუსტადაა" – დეკანოიძე სააკაშვილს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეა მისთვის აუცილებელ წამლებს აღარ იღებს. მისივე თქმით, სააკაშვილი სუსტადაა და იმედი აქვს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდება.

"მითხრა, რომ რამდენიმე დღეა არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად. მითხრა, რომ წნევის ცვალებადობაა ძალიან სერიოზული, რაც გულისხმობს იმას, რომ, შესაძლებელია, ჰიპერტონიული კრიზისი დაემართოს და ჰქონდა რამდენჯერმე უკვე. რა თქმა უნდა, ფერი აქვს ძალიან მძიმე, ყვითელი და კიდევ უფრო ფერმკრთალია. გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში, როდესაც მე მოვინახულე, ახლა გაცილებით უფრო სუსტადაა. გულწრფელად რომ გითხრათ, იყო მომენტები, როდესაც საუბრის გაგრძელების საშუალებაც აღარ გვქონდა იმიტომ, რომ სისუსტე იყო გამოხატული.

ასევე, მითხრა, რომ გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები მის მიმართ ფანჯრებიდან დღის გარკვეულ მონაკვეთებში, რაც ნამდვილად არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ექნება შესაძლებლობა ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის. გარდა ამისა, ძალიან წუხს, რომ უკრაინის სახალხო დამცველს არ მიეცა მისი მონახულების შესაძლებლობა". – თქვა დეკანოიძემ.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები