კორონავირუსი ავსტრიაში

ვენის ბორდელში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა, ადგილზე აცრილები ფასდაკლებით ისარგებლებენ

National Post

ვენის ბორდელი Fun Palast სტუმრებს ახალ სერვისს სთავაზობს. მომხმარებლებს ავსტრიის დედაქალაქში ერთადერთი 24-საათიანი Covid-19-ზე ვაქცინაციის პუნქტი მოემსახურებათ.

"Fun Palast ერთადერთი 24-საათიანი ვაქცინაციის პუნქტია მთელს ვენაში. რა თქმა უნდა, არასრულწლოვნების ბორდელში შესვლა დაუშვებელია, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და პუნქტს ცალკე შესასვლელი გავუკეთეთ". – ამბობს მენეჯერი პეტერ ლასკარისი.

ლასკარისის თქმით ადგილზე აცრილი ადამიანები 30-ევროიან ვაუჩერს მიიღებენ, რომლის განაღდება მხოლოდ Fun Palast-ში იქნება შესაძლებელი.

ბოლო პერიოდში ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები საგანგაშოდ გაიზარდა. მთავრობა მოსახლეობის აუცრელი ნაწილისთვის ე.წ. ლოკდაუნის დაწესებას გეგმავს. 

ფედერალური მთავრობის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, აუცრელებს გადაადგილების უფლება ნაწილობრივ შეეზღუდებათ და ისინი ვეღარ შეძლებენ რესტორნებით, ბარებით, სასტუმროებითა და გასართობი ცენტრებით სარგებლობას. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ავსტრიის მოსახლეობის 65% სრულად აცრილია, თუმცა ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც ყველაზე მწვავე ეპიდვითარებაა, ვაქცინაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

ავსტრიაში პროსტიტუცია 1989 წლიდან ლეგალურია.

Fun Palast

წყარო: Independent

კომენტარები