ინფლაცია

გვენეტაძე: ინფლაციის დონე იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით

ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, ეს გლობალური პრობლემაა და პანდემიამ გამოიწვია ის წინაპირობები, რის გამოც ინფლაცია გლობალურ პრობლემად იქცა. 

უშუალოდ მიზეზებს რაც შეეხება, ეს არის გაძვირებული საერთაშორისო ფასები, ანუ ის ფაქტორები, რომლებიც მიწოდების მხრიდან მოქმედებს ინფლაციაზე. მაგალითად, ნავთობი, რომელიც ახლა, დაახლოებით, ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე ერთი წლის წინ, ასევე საკვები პროდუქტების ფასებიც საკმაოდ გაზრდილია. 

საქართველოს შემთხვევაში იყო კომუნალური სფეროს სუბსიდირების საკითხი, რამაც შეამცირა ინფლაცია, შემდეგ კი კიდევ უფრო დაუმატა ინფლაციას, მეთოდოლოგიის გამო. 

ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტორები მიილევა, რადგან ინფლაციას ჩვენ თვის ჭრილში ვუყურებთ, მაგრამ წლიურ ჭრილში და 12 თვის შემდეგ უნდა შევამჩნიოთ სხვაობა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის, ალბათ, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასიც იზრდება, [ინფლაციის] შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით. 

ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.

ამჟამად ქვეყანაში 12.8%-იანი ინფლაციაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.

კომენტარები