ევროპული საქართველო

ბოკერია: ივანიშვილის მიზანია, საზოგადოება პოლიტიკურ დეპრესიაში ჩააგდოს, ეს გამოწვევაა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზანი ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება იყო. 

გიგა ბოკერიას თქმით, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, თავის გუნდთან ერთად, ცდილობს, რომ საზოგადოება ჩააგდოს პოლიტიკურ დეპრესიაში, მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების მთავარი გამოწვევა კი, ამ დროისთვის, ის არის, რომ არ მიეცნენ იმედგაცრუებას. 

"პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა თვლის, რომ ახლა არის მომენტი, რომ რაც შეიძლება, დიდი ხნით ან დიდი ხარისხით საზოგადოება მთლიანად, არამხოლოდ პერსონალურად სააკაშვილი, პოლიტიკურ დეპრესიაში ჩააგდოს, რომ გატეხოს ნება და ამით გაიხანგრძლივოს, მისი აზრით, უსასრულოდ, ან მაქსიმალურად ძალაუფლება ისე, რომ სერიოზული წინააღმდეგობა არ მოხდეს. 

მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი გამოწვევა, რომ ჩვენ ახლა ყველამ ერთად, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების როლიც მნიშვნელოვანია, რომ იმის გამო, რომ მყისიერად, ან ქვეყნის ინტერესებისთვის სასურველ მოკლე ვადაში არ დადგა ის შედეგი, რაც მნიშვნელოვანი იყო – ვგულისხმობ ამ ხელისუფლების ჩამოცილებას ძალაუფლებისგან – საზოგადოებამ ფარ-ხმალი არ დაყაროს და არ მოხდეს არასწორი მოლოდინების შედეგად იმედგაცრუება. ავტორიტარულ რეჟიმებს ყველაზე მეტად ეს აწყობთ.

სააკაშვილთან მიმართებით, განსაკუთრებით იმ ოთხოვნების ფონზე, რაც იყო და იმ, ჩემთვის ცოტა გაუგებარი ულტიმატუმების ფონზე, რაც მისმა პარტიამ დააყენა, მისი დემონსტრაციულად გადაყვანა გლდანის ციხეში, მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ მათ გასდით ასეთი სამარცხვინო, უკანონო, ამაზრზენი საქციელი. 

ამას არ უნდა ვუპასუხოთ, უბრალოდ, გაბრაზებით და მერე, მყისიერად შედეგი თუ არ დადგა, იმედგაცრუებით, იმიტომ, რომ ეს არის, რასაც აკეთებს ივანიშვილი". – თქვა გიგა ბოკერიამ. 


მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამავე მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები