არჩევნები 2021

გიგა ბოკერია: ვაშაძისა და ლელოს მოწოდება, შესაძლოა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"ასეთ ვითარებაში, რეჟიმისთვის, რომელმაც თითქმის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, მსგავსი სახის მოწოდება მხოლოდ სისუსტედ იქნება აღქმული".- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ლელოსა და გიორგი ვაშაძის ინიციატივას ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაზე.

ბოკერია მიიჩნევს, რომ ვაშაძისა და ლელოს ინიციატივა, შესაძლოა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. 

"ამ პოლიტიკურ ძალას გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმზე დამატებითი ზეწოლისა, პარლამენტის დატოვების სახით, მას შემდეგ რაც ამ რეჟიმმა სულ ცოტახნის წინ მიღებული წინა შეთანხმება დაარღვია, მაგრამ ამის გამოყენებას არ აპირებენ და როგორც ჩანს პერსპექტივაშიც არ განიხილავენ".- ამბობს გიგა ბოკერია. 

ლელო ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს. პარტიის განცხადებით, "ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება". ლელოს შეფასებით, "სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია და პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ".

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, მხარეებს სამოქმედო გეგმას სთავაზობს.


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის დასადასტურებლად, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. ეს კადრების გასაჯაროებამდე სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, კერძოდ,  ომბუდსმენის ცნობით, "30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით".

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

6 ნოემბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს – დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ამის გამო შიმშილობაც დაიწყეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ დგას. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

კომენტარები