მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბურჯანაძე: პენიტენციურში სააკაშვილის შიმშილობა ოფიციალურად მიჩნეულია სრულ შიმშილობად

Facebook/ Giorgi Burjanadze

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კიდევ ერთხელ გადაამოწმა და დადგინდა, რომ სააკაშვილის შიმშილობის ოფიციალურ ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობა.

"სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას. მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იყო, რომ ის თითქოს მოიხმარდა გარკვეულ საკვებს. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციამდე, ისე მის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ შიმშილობის ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობის ფორმა, არაფერი ცვლილება ამ კუთხით არ არის განხორციელებული პენიტენციური სამსახურის მიერ. უშუალოდ სამედიცინო დეპარტამენტისა და პენიტენციური სამსახურის მიერ სხვა შეფასება კეთდება, სხვა შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან. კადრები, რომლებიც ვრცელდება, გადაღებულია N12 დაწესებულების სამედიცინო ოთახში. ეს არის ექიმის ოთახი, იმ ოთახში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამედიცინო მანიპულაციები". – თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის დასადასტურებლად, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. ეს კადრების გასაჯაროებამდე სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, კერძოდ,  ომბუდსმენის ცნობით, "30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით".

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

6 ნოემბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს – დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ამის გამო შიმშილობაც დაიწყეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ დგას. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

კომენტარები