ეკონომიკა

EBRD: ევროპის მასშტაბით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის დონეა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] რეგიონის ეკონომიკური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა, რომელიც ამჟამად 12.8%-ს შეადგენს

ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია, რეგიონში კი მას მხოლოდ თურქეთი და ყირგიზეთი უსწრებენ, სადაც ინფლაცია თითქმის 20%-ს აღწევს. 

შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციის დონე ნეგატიური ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ კოვიდრეგულაციების მოხსნის წყალობით მიღებული ეკონომიკური აღდგენის გათვალისწინებით, EBRD-მა საქართველოს მშპ-ის ზრდის მოლოდინები 2021 წელს 7.5%-მდე გაზარდა. 

ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური ზრდისთვის ძირითად გამოწვევას პოლიტიკური დაძაბულობა, ვირუსის გავრცელება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი წარმოადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა. 

წყარო: EBRD

 

კომენტარები